რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის მეუღლე შსს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის მეუღლე ლელა გეთაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის მეუღლეს მოკლული სახლიდან მოტყუებით არ გაუყვანია. ამის შესახებ ლელა გეთაშვილმა ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციასთან განუცხადა.
ლელა გეთაშვილის თქმით, მის მეუღლეს თავად გარდაცვლილმა სთხოვა გლდანში გაყვანა, სადაც სამი სამართალდამცველი დაესხა თავს. ლელა გეთაშვილის განმარტებითვე, მის მეუღლეს ერთ-ერთი სამართალდამცველი იარაღით დაემუქრა.
„პირში ჩათხარა იარაღი თურმე ჩემს ქმარს და უთხრა, ხმა არ ამოეღო. ამის მერე ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყოდა ვერაფერს. მას შეეშინდა“, – აცხადებს ლელა გეთაშვილი.
დაკავებულს ბრალს დღეს, 23:00 საათზე წარუდგენენ. ლელა გეთაშვილის ინფორმაციით, მისი მეუღლე ბრალს არ აღიარებს.
35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.