პოლიციამ რუსთავში 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა
პოლიციამ რუსთავში 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. აღნიშნული ბრალდებით ასევე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი: 1989 წელს დაბადებული დ.დ. ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

„გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების და შურისძიების მოტივით 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში მის კუთვნილებაში არსებულ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები. კვალის დამალვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკვე დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს მიმართ მისი დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.