რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი – 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე, ხუთი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

„ზ.ჯ-ს მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

35 წლის მამაკაცის ცხედარი გასული წლის 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.