რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით რუსთავში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტის მიზნით შეკრება სოციალური ქსელით დაიგეგმა. ისინი ძველი ტარიფის დაბრუნებას და კომპანიისგან „ინტერ ტრანსი“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.
აქციას რუსთავის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ამირან ჯანჯღავაც შეუერთდა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის ამოქმედდება შესაბამისი სანქციები კომპანიის წინააღმდეგ.
რუსთავი-თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ საფასური თვითნებურად გაიზარდა და მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. კომპანია „ინტერ ტრანსის“ განცხადებით კი, მგზავრობის გაძვირებით ხელშეკრულება არ დაურღვევიათ.