რუსთავის მერი - რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის გაძვირება თვითნებურად მოხდა
რუსთავის მერი - რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის გაძვირება თვითნებურად მოხდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ რუსთავ-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასური თვითნებურად გაიზარდა და მერიასთან არ ყოფილა შეთანხმებული. მისი განმარტებით, ქალაქში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, აფიქსირებენ ამ დარღვევას და იმ ლოტებზე, სადაც ფასის ზრდა თვითნებურად მოხდა, შესაბამისი სანქციები გატარდება.

„კომპანიასთან, რომელსაც კონკურსის წესით აქვს მოგებული მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, კომპანიას აღებული ვალდებულებები სრულად უნდა შეესრულებინა, ამის შემდეგ მომხდარიყო მგზავრთა ტარიფისა და იმ თანხების დაფიქსირება, რომელიც კომპანიამ თანხის ზრდასთან დაკავშირებით დაასახელა. ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ მივმართეთ კომპანიას ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად ასახავდა სურათს და არა ცალმხრივად. ეს ტარიფის ზრდა არის თვითნებური. დილიდანვე სამსახურები გასულები არიან, რომლებსაც ევალებათ მონიტორინგი. მგზავრობის ფასი საკრებულოს დადგენილებით არის დაწესებული და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

​​რუსთავ-თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა. კომპანია „ინტერ ტრანსში“ აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მძღოლებმა თავად მიიღეს, თუმცა ამის შესახებ კომპანია საქმის კურსში იყო.