რუსთავში სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში შესახლდა
რუსთავში სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში შესახლდა

რუსთავში სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახებმა საცხოვრისი მიიღეს.

52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში დღეიდან შესახლდა.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2019 წლის თებერვალში შეიქმნა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები შედიოდნენ.

2018 წლის დეკემბერში რუსთავის საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა. განისაზღვრა ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმები. კომისიამ საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი 52 რუსთაველი ოჯახი.

საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 800 097 ლარია.