რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეშვიდე მიკრო-რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე.
მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.