რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები ხანძრის განზრახ გაჩენაზე საუბრობენ და სწრაფ გამოძიებას ითხოვენ
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი იყო, დასაქმებულები იკრიბებიან.
მათი განცხადებით, ბაზარში დაახლოებით 85 მოვაჭრე მუშაობდა. სავაჭრო ტერიტორია მთლიანად დაიწვა და როგორც დასაქმებულები აცხადებენ, მათი საქონელი მთლიანადაა განადგურებული.
შემთხვევის დროს შენობაში იმყოფებოდა დარაჯი, რომელიც მაშველებმა გამოიყვანეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ის მსუბუქად დაშავდა.
ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ დარაჯმა დაინახა, როგორ შეაგდეს უცხო პირებმა რაღაც ნივთი, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
მათივე თქმით, ეს ინფორმაცია მათ დარაჯის მეუღლემ მიაწოდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე არის ვიდეოკამერა. ისინი მომხდარის სწრაფ გამოძიებას ითხოვენ.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში“ ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვ.მ. ფართობი.