რუსთავის თეატრში ოსკაროსანი დრამატურგის სცენარით შექმნილი სპეკტაკლის პრემიერა გაიმართება
რუსთავის თეატრში ოსკაროსანი დრამატურგის სცენარით შექმნილი სპეკტაკლის პრემიერა გაიმართება

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის ახლად დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე ოსკარის მფლობელი ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის ,,კვარტეტს“, რომლის ქართული ვერსიის ავტორიც თამაზ გოდერძიშვილია, სწორედ თეატრის დაარსების დღეს, 30 ნოემბერს წარმოადგენს.

ამავე დღეს, რუსთავის თეატრის წინ, სამი მსახიობის – ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიასა და ჯემალ მაზიაშვილის სახელობითი ვარსკვლავები გაიხსნება.

სპეკტაკლში „კვარტეტი“ რუსთავის თეატრის ძველი თაობის მსახიობები: ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ციხისთავი მონაწილეობენ.

სპეკტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა იმუშავა, კოსტიუმების მხატვარი თამარ მალაზონიაა, მუსიკალური გაფორმება კი კომპოზიტორ ნატო თოთიბაძეს ეკუთვნის.

რუსთავის თეატრი 1967 წლის 30 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული სპეკტაკლით – ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკით“ გაიხსნა. მისი დასის წევრები მარჯანიშვილის თეატრიდან კონფლიქტის საფუძველზე წამოსული 26-კაციანი შემადგენლობა იყო.

„კვარტეტის“ საპრემიერო ჩვენება 30 ნოემბერს, 1-ელ და 3 დეკემბერს, 19.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში შედგება.