თეა წულუკიანი რუსთავის თეატრსა და კულტურის სახლში იმყოფებოდა
თეა წულუკიანი რუსთავის თეატრსა და კულტურის სახლში იმყოფებოდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავში იმყოფებოდა. მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრსა  და რუსთავის კულტურის სახლში გამართა.

რუსთავში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია მენაღარიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილმა,

თეატრში ვიზიტისას მინისტრი თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს შეხვდა. თეა წულუკიანმა სამინისტროსა და მუნიციპალური თეატრების თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრა და თეატრს სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა შესთავაზა თეატრის დასს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართოს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც  თეატრის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

თეა წულუკიანი ასევე რუსთავის კულტურის სახლს ესტუმრა და მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურის სახლების სათანადოდ ფუნქციონირების მნიშვნელობასა და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და სამომავლოდ რუსთავის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი