რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება
რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის ახლად დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, ოსკარის მფლობელის, ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის ,,კვარტეტს“ თეატრის დაარსების დღეს, 30 ნოემბერს წარმოადგენს. „კვარტეტის“ ქართული ვერსიის ავტორი თამაზ გოდერძიშვილია.

ამავე დღეს, რუსთავის თეატრის დამფუძნებელი სამი მსახიობის ვარსკვლავს გახსნის.

სპექტაკლში „კვარტეტი“ მონაწილეობენ რუსთავის თეატრის ძველი თაობის მსახიობები: ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ციხისთავი. სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა იმუშავა, კოსტუმების მხატვარი თამარ მალაზონიაა, მუსიკალური გაფორმება კი კომპოზიტორ ნატო თოთიბაძეს ეკუთვნის.

30 ნოემბერს, საპრემიერო სპექტაკლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, რუსთავის თეატრის ფოიეში გაიმართება რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მსახიობისა და წლების მანძილზე ამავე თეატრის დირექტორის ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ წიგნის პრეზენტაცია.

20:40 საათზე კი თეატრის შესასვლელში რუსთავის თეატრის მსახიობების, ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიასა და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავები  გაიხსნება.