რუსთავის დრამატული თეატრი 19 და 20 აპრილს მაყურებელს ორ ახალ სპექტაკლს წარუდგენს
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი 19 და 20 აპრილს მაყურებელს ახალ სპექტაკლებს წარუდგენს.
რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე და რეჟისორი ლევან სვანაძე, ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „თოვლივით თეთრი თოვლი“ წარადგენენ. სპექტაკლი 19 აპრილს, 20:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
სპექტაკლში თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები: ზვიად დოლიძე, თეონა ხვედელიძე, მაია ჯავახიშვილი, ვაკო კობერიძე, გიორგი რევაზიშვილი და ირაკლი (კუკური) ბექაია მონაწილეობენ. მხატვარი ლომგულ მურუსიძეა, ხოლო სპექტაკლს მუსიკალურად გოგიტა მაისურაძე გააფორმებს.
მეორე პრემიერა 20 აპრილს, 20:00 საათზე, ემიგრანტების ტრაგიკომიკური ბედის შესახებ, ორმოქმედებიან კომედიას „დილამშვიდობისა ასდოლარიანო!“, რეჟისორი ქეთი დოლიძე, რუსთავის თეატრის ცისფერ სცენაზე წარმოადგენს.
პიესის ავტორები პეტრე ხოტიონოვსკი და ინგა გარუჩავა არიან. სპექტაკლში რუსთავის თეატრის მსახიობები: ნათელა მუხულიშვილი, ნათია არბოლიშვილი, ლაშა კანკავა და მოწვეული მსახიობი იური ფოფხაძე ითამაშებენ.