„რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული
„რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება და ამბობს, რომ – „საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, რამდენი ხნით უნდა დარჩეს პატიმრობაში და უთხრეს, რომ ციხეში სახელმწიფოს გადასარჩენად უნდა ჩამჯდარიყო“; უკმაყოფილოა მმართველი გუნდის მისადმი დამოკიდებულებით, ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას; აგრეთვე, ასახელებს სერგო თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციისა და ციხის ბუნტის საქმეებს, „რომელთა მოგვარებაში მონაწილეობა აქვს მიღებული“, ხოლო „თავის შემადგენლობასთან ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად“.
ჩანაწერში ნახსენები არიან არჩილ კბილაშვილი, ირაკლი შოთაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, რომლებიც „სუბელიანთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ“. გარდა ამისა, ჩანაწერში პირი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანია, ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე „პროკურატურას მართავს“, „ეკა ბესელიასა და ე.წ. უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო“.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.