თბილისში, პარლამენტის შენობასთან „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან სანთლები დაანთეს. მათი შეკრების მიზანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გახსენება და დაღუპულთათვის პატივის მიგებაა. პარლამენტთან განთავსებულ მონიტორზე აქციის დაშლის ამსახველი კადრები აჩვენეს.
ადგილზე იმყოფება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მაშინდელი 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ეს ნამდვილად ძალიან დიდი დღეა და ეს არის დღე, რომლისთვისაც თაობები იბრძოდნენ, თავს წირავდნენ და რომელსაც თაობები ელოდებოდნენ. ამასთან, მინდა ვუსურვო საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას რომ ყველა შემდგომი 26 მაისი იყოს მშვიდობიანი, ღირსეული და უკეთესი საქართველოს მომასწვებელი. ჩვენთვის ეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა ზეიმია, მაგრამ ამავე დროს, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის და უამრავი ადამიანისთვის საქართველოში ეს დღე მაინც უკავშირდება 2011 წლის 26 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ სრულიად ადამიანობას გადააბიჯა, უბრალო, სამშობლოს ერთგულები და სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანები უსასტიკესად დაარბია.
ეს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო დარბევა, ეს იყო ვითარება, როდესაც აი აქ ბორკილებდადებულ ადამიანებს ასფალტზე დაყრილს ურტყამდნენ, მერე კიდევ ცემდნენ სამმართველოებში, მაგრამ, როგორც ხედავთ, უამრავი ადამიანი დღესაც პატივს სცემს იმ დღეს, აქ არიან 26 მაისის მონაწილეები, ძალიან ბევრი შემოგვიერთდება კიდევ, რომელსაც ესმით, რომ ჩვენი ბრძოლა იმ ღამეს იყო თავგანწირვა სამშობლოსთვის და ეს იყო სწორი იმიტომ, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა.
ქედს ვიხრი დაღუპულების წინაშე, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით იდგა იმ ღამეს და იმასაც ვიტყვი, ცოტა მეტნი რომ ვყოფილიყავით და ვინც ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდა აქ მოსულიყო, სააკაშვილი ჩვენს დარბევას ვერ გაბედავდა და 2011 წელს უკვე სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველო თავისუფალი იქნებოდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.