ნინო ბურჯანაძე - მსჯავრდებულები ძალიან უღირსად მოიქცნენ, მათ შორის ქურდული კანონებითაც, რადგან ციხესა და ქურდულ სამყაროში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი ასეთი მოპყრობა არ მოსულა
ნინო ბურჯანაძე - მსჯავრდებულები ძალიან უღირსად მოიქცნენ, მათ შორის ქურდული კანონებითაც, რადგან ციხესა და ქურდულ სამყაროში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი ასეთი მოპყრობა არ მოსულა

მსჯავრდებულები ძალიან უღირსად მოიქცნენ, მათ შორის ქურდული კანონებითაც, რადგან ციხესა და ქურდულ სამყაროში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი ასეთი მოპყრობა არ მოსულა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„აბსოლუტურ კატასტროფაში ვართ. ციხის კადრები ვნახე, როდესაც საგანგებოდ შუქი არ ჩაუქრეს პატიმრებს და წინასწარ იცოდნენ, ვინ მიჰყავდათ, რაც საერთოდ წარმოუდგენელია. ხელისუფლება და ციხის ხელმძღვანელობა აგებინებს პატიმრებს, გლდანში კი, ზიან მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანები. დარწმუნებული ვარ, ზოგი გამოვა და ღირსეულად გააგრძელებს ცხოვრებას, ზოგმა შეიძლება, ეს ვერ შეძლოს. არ ვთვლი, რომ ის ადამიანები, ვინც იქ ზიან, საზოგადოებამ რამენაირად უნდა მოიკვეთოს, მაგრამ დღეს ისინი არიან მსჯავრდებულები. სხვათა შორის, ძალიან უღირსად მოიქცნენ, მათ შორის ქურდული კანონებითაც, იმიტომ, რომ ციხეში და ქურდულ სამყაროში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი ასეთი მოპყრობა არ მოსულა. ვიცი ეს ამბავი. არ არის აუცილებელი, რომელიმე სამყაროს წევრი იყო, რომ ელემენტარული რაღაცები იცოდე. ძალიან კარგად ვიცი ეს. ეს არის ქვეყანა და ხელისუფლება, რომელიც არც პოლიტიკური, არც მორალური, არც ქრისტიანული, არც დემოკრატიული და არც ქურდული კანონებითაც არ მართავს ქვეყანას. ეს არის ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას და ცდილობს, მართოს ქვეყანა იმ ძველი ბიჭებით, რომლებიც ვითომ ძველი ბიჭები არიან და თან პოლიციასთან არიან შეკრული. ეს აბსოლუტური კატასტროფაა. სრული რღვევაა ყველაფრის ქვეყანაში, რისი რღვევაც კი შეიძლება, იყოს. ამოიღეთ ხალხო ხმა. არ არის აქ სააკაშვილზე ლაპარაკი. თორემ შეიძლება, მე შეიძლება ყველაზე მეტი პრეტენზია მქონდეს ადამიანურიც, კოლეგიალურიც, მაგრამ მე ვიცი, რას ვიცავ დღეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძემ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ მხარდამჭერებს, გაერთიანდნენ, რათა შეიმუშაონ თანმიმდევრული გეგმა ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად და ხელისუფლების ჩამოშორებისთვის.

„მინდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ მომხრეებს ვუთხრა, ყველანი უნდა გავერთიანდეთ, სრულიად ოპოზიციური სპექტრი, სრულიად საზოგადოება, უნდა შევიმუშავოთ თანმიმდევრული გეგმა, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები და ეს ხელისუფლება მოვაშოროთ. რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.