რუსთაველის თეატრში ჯამლეტ ხუხაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამართულ ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, ჯამლეტ ხუხაშვილის მეუღლე ევა ბაბალაშვილი, ოჯახის წევრები, კოლეგები და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, ანრი ჯოხაძე, ბაიარ შაჰინი, ჯემალ სეფიაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ჯგუფი „ფორტე“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი.
ღონისძიებას უძღვებოდნენ მარინა კახიანი და ნიკოლოზ წულუკიძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ჯამლეტ ხუხაშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გააცნეს. საღამოს რეჟისორი იყო ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. იგი იყო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი, სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი, 1994 წლიდან – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების უფროსი, 1990 წლიდან – კალათბურთის კლუბ „მაკაბის“ პრეზიდენტი. ჯამლეტ ხუხაშვილი ავტორია საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004), დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე. ჯამლეტ ხუხაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ივანე ჯავახიშვილისა და ოლიმპიური ორდენების კავალერი. 1998 წელს ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ჯამლეტ ხუხაშვილი 2023 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა.
ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.