ჯამლეტ ხუხაშვილი პირველივე დღიდან მეუბნებოდა, საუკეთესო ვიქნებოდი საქართველოშიც და ევროპაშიც - გიორგი შერმადინი აღმზრდელ მწვრთნელს ემოციურად დაემშვიდობა #1TVSPORT
ჯამლეტ ხუხაშვილი პირველივე დღიდან მეუბნებოდა, საუკეთესო ვიქნებოდი საქართველოშიც და ევროპაშიც - გიორგი შერმადინი აღმზრდელ მწვრთნელს ემოციურად დაემშვიდობა #1TVSPORT

2023 წლის 26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ისლანდიასთან გადამწყვეტ მატჩს ვერ დაესწრო ნაკრების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და გიორგი შერმადინის აღმზრდელი მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილი.

იგი ავად იყო, თუმცა საქართველოს პირველი რადიოს გადაცემა „ესტაფეტისთვის“ 27 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში ჩვეული ხალისით ისაუბრა. სწორედ ამ გადაცემაში ჩაერთო გიორგი შერმადინი და სხვა საკითხებთან ერთად ჯამლეტ ხუხაშვილზეც ილაპარაკა:

„ბატონ ჯამლეტთან რომ მივედი, პირველივე დღიდან მეუბნებოდა – საუკეთესო ვიქნებოდი, საქართველოში, ევროპაში, ყველგან… შრომა არ დამიკლია, მეც დავიჯერე, რომ ბევრის მიღწევა შემეძლო. მოვხვდი საქართველოს ნაკრებში, ვითამაშე ხუთ ევრობასკეტზე, ახლა გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვე. ამ გზაზე ბატონმა ჯამლეტმა დამაყენა“.

„ჩვენ გვყავს მსოფლიო ვარსკვლავი, რომელიც დაიბადა ნატახტარში, გაიზარდა მისაქციელში და და გახდა მსოფლიო დონის კალათბურთელი. ეს მხოლოდ ჯამლეტ და მიხეილ ხუხაშვილების დამსახურება არ არის… ყველას გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას“, –  აღნიშნა ჯამლეტ ხუხაშვილმა გადაცემა „ესტაფეტაში“.

ეს მისთვის ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა… ლეგენდარული კომენტატორი 78 წლის ასაკში 5 აპრილს გარდაიცვალა.

„განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება. არასდროს დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი, სიყვარული, თავდადება ჩემდამი. გამორჩეულად დიდი ადამიანი. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, შალვოვიჩ!“ – ასე გამოემშვიდობა თავის აღმზრდელ მწვრთნელს გიორგი შერმადინი.