ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს
ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდს, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, სპორტული საზოგადოება და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი; 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი იყო. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი გახლდათ.

დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.

ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე. 1998 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველ და ებრაელ ხალხთა ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.