რუსთაველის გამზირზე დაშავებული ჟურნალისტების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს
რუსთაველის გამზირზე დაშავებული ჟურნალისტების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს ყველა სამართლებრივ პროცედურაში იურიდიულ დახმარებას გაუწევს.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ აქციაზე მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხებზე. მოვედით გამოკითხვაზე, რათა სრულყოფილად მივაწოდოთ გამოძიებას ინფორმაცია იმაზე, რაც ხდებოდა. ჯერ არ გვაქვს დაზარალებულის სტატუსი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხომ არ იყო სამსახურებრივი გულგრილობა პოლიციელების მხრიდან, რამაც რეალურად გამოიწვია შედეგები, რაც დადგა. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა ღონისძიებები ჩაატარა სახელმწიფომ, რომ ეს არ მომხდარიყო. გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, რამდენად ჯეროვნად შესრულდა სამსახურებრივი მოვალეობები პოლიციელების მხრიდან“, – განაცხადა იურისტმა ბექა თაკალანძემ.
ამასთან, დიღმის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცედურა მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.