5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო
5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო

5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო. საკითხის გადადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მოითხოვა.

სამნიძემ აღნიშნა, რომ კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტშია, რომლის დეპუტატებიც არ აპირებენ ამ საკითხის გამო სხდომაზე მისვლას. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, დღეს სხდომაზე არ გაიტანონ ეს საკითხი.

„ეს საკითხი ჩვენ დავაინიცირეთ; თხოვნაც იყო, მაქსიმალურად სწრაფად ყოფილიყო ბიუროზე განხილვის საგანი და სესიაზე განხილვის-კენჭისყრის. ვიცით, რომ მას სჭირდება 50 ხმა. გვქონდა კიდევაც კონსულტაციები ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, თითოეული ფრაქციის წარმომადგენელთან. იყო კიდევაც მზაობა გამოთქმული. ფრაქცია „ლელომ“ გამოთქვა მზაობა, ისევე, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამწუხაროდ, შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი კოლეგები არიან ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროა ძალიან, რომ ისინი ამ საკითხის გამო არ აპირებენ, დაესწრონ სხდომას და გამონაკლისი დაუშვან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მზაობა გამოთქმული, მხარს დაუჭერდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ჩვენს ინტერესებში არ არის, რომ საკითხი ჩავარდეს და გადაიდოს მერე კიდევ ექვსი თვით, როგორც ითვალისწინებს ამას რეგლამენტი. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კომისია შეიქმნას. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ სესიაზე არ გავიტანოთ, გადავდოთ და ამის შემდეგ, უახლოეს სხდომაზე გახდეს განხილვის საგანი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები შემოგვიერთდებიან და შესაძლებლობა იქნება, შეიქმნას კომისია, დადგინდეს ჟურნალისტებზე თავდასხმის თითოეული ფაქტი, ისევე, როგორც, რა ძალები იდგა ამ ორგანიზებული დანაშაულის უკან“, – განაცხადა სამნიძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ საკითხის გადადება სექტემბრისთვის მოხდება.

„რა თქმა უნდა, ეს თქვენ მიერ არის დაინიცირებული და თქვენი უფლება არის, გადადოთ. შემდეგი სხდომა არის სექტემბრის დასაწყისშივე და შევძლებთ ყველა ამ საკითხის განხილვას“, – აღნიშნა კუჭავამ.