რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა
უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას 363 სახალხო დეპუტატმა მისცა ხმა. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ე.წ. დენაციფიკაცია, ხოლო „ნაცისტებად“ რუსეთის ხელისუფლება მოიაზრებს ყველას, ვინც უკრაინულად საუბრობს, თავს უკრაინელად მიიჩნევს და მიისწრაფვის დამოუკიდებელ უკრაინულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ.
უმაღლესი რადა ამ დადგენილებით მოწოდებით მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი.
ამას გარდა, უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა და აკრძალა სიმბოლოები „V“ და „Z“.