საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულის მამა - ტერიტორიაზე, სადაც ჩემი შვილი დააკავეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არანაირი ნიშანი არ არის განთავსებული
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრის მამის, მიშა გახელაძის ინფორმაციით, გატაცებისას მისი ვაჟი მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად იყო.
როგორც მიშა გახელაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ყვება, დაკავების შემდეგ შვილმა საკუთარი ნომრიდან დაურეკა და შეატყობინა, რომ „რუსებმა აიყვანეს“.
„სამუშაოზე ვიყავი, ასე 12:00 – 13:00 საათი იქნებოდა, როცა თვითონ დამირეკა თავისივე ნომრით და მითხრა, მამა არ შეგეშინდესო, რუსებმა ამიყვანესო. მეტი აღარაფერი არ უთქვამს და გათიშა ტელეფონი. შემდეგ ვცადე დარეკვა, მაგრამ უკვე გათიშული იყო ნომერი.
დილით ასე 09:00-10:00 საათისკენ გავიდა სოკოს საკრეფად. აქვე ციხე გვაქვს, მის ქვევით მინდორია და მანდ მოდის სოკო. ორნი იყვნენ წასული, მეორემ მოასწრო გამოქცევა. ერთად იყვნენ იმ მომენტში“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც მისი ვაჟი იმყოფებოდა დაკავების მომენტში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არანაირი ნიშანი არ არის განთავსებული.
„არანაირი ნიშანი არ დგას ამ ტერიტორიაზე. ამ ციხის დაბლა გადის სამანქანე გზა და ამ გზიდან ერთი 100 მეტრით წინ იყვნენ წასულები. სანადირო იარაღი აქვს, ყველანაირად გაფორმებული. სეიფია სახლში და იქ ინახავს. სეიფი დაკეტილია ახლა. იყო თოფით წასული არ იყო, მაგას ვერ ვიტყვი, არ ვიცი. სეიფი დაკეტილია. ამიტომ, არ ვიცი ჰქონდა თუ არა წაღებული “, – ამბობს მიშა გახელაძე.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად დაკავებული ახალგორში იმყოფება.
„დილით რომ დამირეკა, მე და ის მეორე ბიჭი, რომელიც თან ახლდა დაკავების მომენტში, ჩავედით იგოეთის პოლიციაში და განვაცხადეთ“, – ამბობს ოკუპანტების მიერ დაკავებულის მამა.
საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე დააკავეს. იგი სოფელ ქვემო ჭალას მცხოვრებია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი.