რუსეთის საპატრიარქო - კონსტანტინოპოლს სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს
რუსეთის საპატრიარქო - კონსტანტინოპოლს სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს

რუსეთის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის უზენაესობას არ ცნობენ. როგორც რუსულ მედიასთან საუბარში მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, პატრიარქ ბართლომეს არ აქვს უფლება, სხვა ეკლესიების შიდა საქმეებში ჩაერიოს.

„პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სხვა ეკლესიებთან შეთანხმებით შეუძლია. სწორედ ეს ეკლესიები აძლევენ მას ამის უფლებას. ამიტომ, თუ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ეკლესიის პოზიციას, ჩვენ ამის მიღება არ შეგვიძლია“, – განაცხადა ილარიონმა.

მანამდე, რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა გადაწყვიტა, რომ პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს.

რუსეთის საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში, საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნა.