რუსეთის საპატრიარქო საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას გამოეხმაურა
რუსეთის საპატრიარქო საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას გამოეხმაურა

რუსეთის საპატრიარქო საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას გამოეხმაურა.

როგორც რუსულ მედიასთან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი შეაფასებს, რა შედეგები ექნება ამ გადაწყვეტილებას საბერძნეთისა და რუსეთის საპატრიარქოების ურთიერთობებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მიტროპოლიტი გამოდიოდა გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავების საფუძვლიანი შეთავაზებით, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის აღიარების სასარგებლოდ. ამავე დროს, უცნაურია, მაგრამ  გამოითქვა იმედი, რომ უკრაინული „ავტოკეფალია“ შეძლებს დიდი რუსეთისა და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარებას. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ელადის ეკლესიას შორის ურთიერთობებისთვის ამ გადაწყვეტილების შედეგებს მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი შეაფასებს“, – განაცხადა ბალაშოვმა.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.