რუსეთის საგარეო უწყება - არჩილ ტატანუშვილთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი რუსულ-ქართულ დღის წესრიგს სცილდება
რუსეთის საგარეო უწყება - არჩილ ტატანუშვილთან დაკავშირებული სამწუხარო ინციდენტი რუსულ-ქართულ დღის წესრიგს სცილდება

რუსეთი მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით დაინტერსებულია და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას.

„კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ სწრაფვის აღნიშვნა,მარტის ბოლოს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დროს ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს  ბადებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერდნენ მოლაპარაკებების სხვა მონაწილეები იმის განურჩევლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია ასევე, არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას. სწორედ ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც საქართველოს ადარდებს და, რომლებიც ორმხრივი, რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება. კერძოდ, ეს ასევე  ეხება საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატანუშვილთან დაკავშირებით მომხდარ ბოლოდროინდელ სამწუხარო ინციდენტს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.  პრემიერის განცხადება 9 მარტს გავრცელდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.