რუსეთის საგარეო უწყება - აკუმულირებული პოზიტივის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა
რუსეთის საგარეო უწყება - აკუმულირებული პოზიტივის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა

აკუმულირებული პოზიტივის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ყურადღება გაამახვილა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან ღიად არამეგობრული საჯარო გამოსვლები ნეგატიურ გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთქმედების ურთიერთსასარგებლო განვითარებაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კმაყოფილებით დაადასტურეს 2018 წელს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედების პოზიტიური შედეგები.

„დაფიქსირებულია ტვირთბრუნვის ზრდა, რომელიც 25 პროცენტით გაიზარდა და 1.15 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთი რჩება საქართველოს საგარეო ვაჭრობის მეორე პარტნიორად და ქართული ღვინის ყველაზე დიდ იმპორტიორად; მისი მოცულობის 2/3 რუსეთის ბაზარზე ხვდება. იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში (1.4 მილიონი 2018 წელს). დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო მიმოსვლა. ტვირთბრუნვის გაზრდილი მოცულობის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს ნებართვების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს საბაჟო მონიტორინგის მექანიზმის შეთანხმების შესრულების პერსპექტივები. რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ შეთანხმების რეალიზება სწრაფად დაიწყოს, პირობების მკაცრი შესრულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 2019 წლის ზაფხულში გაიმართება.