რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობაზე შტურმი დაიწყო
„კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში თავდასხმა მოსკოვში ტერაქტად შეაფასეს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განკარგულებით, გაუქმებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელიც ამ უქმეებზე იყო დაგეგმილი. ასევე, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე.
„კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. რუსული მედია 15-დან 40-მდე დაღუპულისა და 100-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება.