„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები გმობენ
„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები გმობენ

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები გმობენ.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რუს ხალხსა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„უმკაცრესი ფორმით ვგმობ დღევანდელ ტერორისტულ თავდასხმას“, – აღნიშნა გუტერეშმა.

განცხადება ასევე გაავრცელა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ, რომელმაც თავდასხმას „საშინელი და ლაჩრული“ უწოდა.

„უსაფრთხოების საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტები არის დანაშაული და გაუმართლებელი, მიუხედავად მათი მოტივის, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ჩადენილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიუსამძიმრა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.

მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც სოლიდარობას უცხადებს დაშავებულებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

„მკაცრად ვგმობ ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას“, –  ნათქვამია მაკრონის განცხადებაში.

თავდასხმა დაგმო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც.

„ვგმობთ მოსკოვში უდანაშაულო მაყურებელზე განხორციელებულ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაშავებულებთანაა“, – ნათქვამია ოლაფ შოლცის განცხადებაში.

რუსეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მიმართ დღეს, საღამოს მოსკოვის მახლობლად მომხდარი საშინელი ტერაქტის გამო. ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის“, – აღნიშნა ორბანმა.

მომხდარი დაგმო ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, ასევე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა.

რუსეთს მიუსამძიმრეს და ტერაქტი დაგმეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 93-ს მიაღწია, დაშავებულია 121 ადამიანი.