რუსეთის პატრიარქი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. კირილისა და ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრა სტრასბურგში გაიმართა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქმა იაგლანდს უთხრა, რომ ევროსაბჭო ევროკავშირის ერთიანობის საფუძველს წარმოადგენს.
„საქმე ეხება არა სამხედრო ან ეკონომიკურ ფაქტორებს, არამედ ყველაზე მთავარს – ადამიანის უფლებებს, რაც მის სიცოცხლეს უკავშირდება. ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები – ეს არის ის, რაც აერთიანებს ან ყოფს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ევროსაბჭოს, რადგან ადამიანებს გაერთიანებაში ეხმარება“, – განაცხადა კირილმა.
თავის მხრივ, იაგლანდმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ კირილთან აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მოგილოცავთ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გახსნას სტრასბურგში. თქვენი ვიზიტი ადასტურებს, რომ ევროსაბჭო აღმსარებლობის თავისუფლების მხარდამჭერია“, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.
სტრასბურგში ვიზიტისას რუსეთის პატრიარქი ასევე შეხვდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს.