რომის პაპ ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შორის შეხვედრა ივნისში აღარ შედგება, – ამის შესახებ რომის პაპმა არგენტინულ გამოცემა La Nacion-ს განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა იერუსალიმში 14 ივნისს იგეგმებოდა. როგორც პონტიფიკოსმა გამოცემას განუცხადა, ის წუხს, რომ შეხვედრის გეგმა შეჩერდა, რადგან ვატიკანში დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ამგვარმა შეხვედრამ შესაძლოა, მოცემულ მომენტში დაბნეულობა გამოიწვიოს.
იერუსალიმში რომის პაპისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის რიგით მეორე შეხვედრა იგეგმებოდა. ფრანცისკესა და კირილეს პირველი შეხვედრა 2016 წელს კუბაში გაიმართა. ეს იყო რომის პაპისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის პირველი შეხვედრა დიდი სქიზმის შემდეგ, რომელმაც 1 054 წელს ქრისტიანობა ორ ნაწილად გაყო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 85 წლის ფრანცისკემ არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომის გამო, რა დროსაც მან გამოიყენა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა გაუმართლებელი აგრესია, ინტერვენცია და გულისტკივილი გამოთქვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების გამო. ამასთან, აპრილის დასაწყისში რომის პაპმა განაცხადა, რომ ის კიევში გამგზავრებას განიხილავს.