რუსეთის პატრიარქმა ბლოგერსა და მთავარდიაკონ ანდრეი კურაევს მღვდელმოქმედება შეუჩერა
რუსეთის პატრიარქმა კირილემ ცნობილ ბლოგერსა და მისიონერს, მთავარდიაკონ ანდრეი კურაევს მღვდელმოქმედება შეუჩერა.
როგორც მოსკოვის ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული, ღვთისმსახურების უფლების შეჩერება კურაევის მიერ ელოხოვოს ტაძრის წინამძღვარზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. ელოხოვოს ტაძრის წინამძღვარი ალექსანდრ აგეიკინი გასულ კვირას კორონავირუსით გარდაიცვალა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ანდრეი კურაევმა საჯაროდ შეურაცხყო მღვდელმთავარი ალექსანდრ აგეიკინის ხსოვნა, რაც არის ცინიკური საქციელი და სასულიერო პირებისა და მრევლის აღშფოთებას იწვევს.
პატრიარქ კირილეს განკარგულება ძალაში იქნება, ვიდრე კურაევის ქმედებებს საეკლესიო სასამართლო არ განიხილავს.
კურაევმა საკუთარ ბლოგში ალექსანდრ აგეიკინთან დაკავშირებით რამდენიმე ჩანაწერი გამოაქვეყნა. ბოლო ასეთი ჩანაწერი სასულიერო პირის გარდაცვალების დღით თარიღდება და მასში კურაევი აგეიკინს „კარიერისტს“ უწოდებს.
მთავარდიაკონი კურაევი რუსეთში ცნობილი პუბლიცისტია. საკუთარ ბლოგებში ხშირად აკრიტიკებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის ოფიციალურ პოზიციას.