რუსეთის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ოკუპირებული ცხინვალის მაღაზიებში საკვები პროდუქტების დეფიციტია [ვიდეო]
ოკუპირებულ ცხინვალში რძის პროდუქტების, ბოსტნეულისა და ხილის დეფიციტია. „ეხო კავკაზას“ მიერ გავრცელებულ კადრებში მაღაზიების დაცარიელებული დახლები ჩანს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ასეთი მდგომარეობა ქალაქში უკვე სამი კვირაა, გრძელდება. ცარიელია თითქმის ყველა მაღაზია.
„ვიტრინები ცარიელია. პროდუქციას საბაჟო არ ატარებს. ასე ვწვალობთ. ხალხი შემოდის და ცარიელი ხელით გადის. რძე საერთოდ არაა. ვყიდით იმ მცირე მარაგებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემოგვრჩა. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან დაკეტილია. სანაპიროზე ყველა მაღაზია დახურულია“, – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი.
პროდუქტების დეფიციტის მიზეზი კი, რუსეთის მხრიდან დაწესებული რეგულაციებია, რომლის გამოც, ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები ქვედა ზარამაგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე პროდუქტების გადატანას ვერ ახერხებენ.
„გუშინ დიდი მანქანით ვიდექით საბაჟოზე და არ გვიშვებდნენ. შემდეგ თქვეს, რომ მსუბუქი ავტომობილით შეიძლებოდა გადმოტანა და ასე შევძელით შემოტანა. აღარაფერი გვქონდა, გუშინ დახლები მთლიანად ცარიელი იყო“, – ამბობს გამოცემასთან საუბარში ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელი.
არსებული ინფორმაციით, საბაჟოზე მეწარმეებს დეტალური ელექტრონული დეკლარაციების შევსებას სთხოვენ. აღნიშნულს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. მებაჟეები საქონლის გაფორმებას საბაჟო კავშირის წესების მიხედვით ითხოვენ, რაც დამატებით დოკუმენტებთან და თანხებთან არის დაკავშირებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თითოეული დასახელების პროდუქციის შეტანისთვის მათ 300 რუბლის გადახდა უწევთ.