რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - ქართული მხარე არაფერს ამბობს იმაზე, რომ რუსი სამხედროები მხოლოდ იცავდნენ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - ქართული მხარე არაფერს ამბობს იმაზე, რომ რუსი სამხედროები მხოლოდ იცავდნენ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ გამართული ზეპირი მოსმენის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გამოსვლის დროს რუსულმა მხარემ უარყო საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო მტკიცებულებები 2008 წლის აგვისტოში საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიანი მცხოვრებლების უფლებების რაიმე დარღვევებთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კავშირის შესახებ და მიუთითა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა და არ დასტურდება რაიმე ობიექტური და მისაღები მტკიცებულებებით“, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რუსეთის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოვლენებს განზრახ ამახინჯებს.

„არაშერჩევით და არაზომიერ ქმედებებში რუსეთის დადანაშაულებისას ქართული მხარე უარს აცხადებს, აღიაროს შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაში საკუთარი ინიციატივა და არაფერს ამბობს იმაზე, რომ რუსი სამხედროები მხოლოდ იცავდნენ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ქართული რეგულარული ჯარების შეიარაღებული თავდასხმისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში რუსულმა მხარემ უარყო რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციის დარღვევა.

„სასამართლოს წარედგინა არგუმენტირებული პოზიცია, რომელიც ადასტურებს, რომ არ არსებობს იმის დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ რუსეთის ჯარები ახორციელებდნენ ქმედებებს, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციას ეწინააღმდეგება. მეტიც, გამოსვლის დროს აღინიშნა, რომ ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა აუცილებელ ზომას მიმართა, რათა თავიდან აეცილებინა ადამიანების სიცოცხლისა და ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა. მტკიცება, რომ რუსეთის ფედერაციას კავშირი ჰქონდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების „სისტემატურ დარღვევებთან“, უსაფუძვლოა და შესაბამისი მოვლენების ფაქტობრივ გარემოებებს ეწინააღმდეგება“, – წერია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლებმა, „ფაქტებსა და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უარყვეს საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავის იურისდიქციას ახორციელებდა“.

რუსული მხარის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არგუმენტაციად გამოყენებული განმარტება იურისდიქციისა და ეფექტიანი კონტროლის შესახებ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკას არ შეესაბამება.

რუსული მხარე ასევე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან მიმართებით ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციის დებულებების გამოყენებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოვლენებთან მიმართებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები უნდა იქნას გამოყენებული.

„ამავე დროს, რუსულმა მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეებს აცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი „მტკიცებულებების“ უმეტესობა პროცესუალურად სუსტია, მათ შორის იმ მიზეზით, რომ მათი ძირითადი ნაწილი შეიცავს მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს, რის გამოც ისინი ვერ იქნება განხილული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფოთაშორის დავაზე დადგენილების გამოტანის საფუძვლად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

დღეს გამართულ ბოლო მოსმენაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებასა და საქართველოს მტკიცებულებებზე, ასევე რუსეთის პასუხებსა და არგუმენტებზე ისაუბრა.„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული. როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.