რატი ბრეგაძე - აგვისტოს ომზე სტრასბურგში მორიგი გამარჯვება კიდევ ერთი მაგალითია, რომ ბრძოლა დეოკუპაციისა და სამართლიანობისთვის გრძელდება სამართლიანი მეთოდებით
რატი ბრეგაძე - აგვისტოს ომზე სტრასბურგში მორიგი გამარჯვება კიდევ ერთი მაგალითია, რომ ბრძოლა დეოკუპაციისა და სამართლიანობისთვის გრძელდება სამართლიანი მეთოდებით

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ეს წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ ძალიან დიდ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ამ განჩინებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში.

„ეს განჩინება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბრძოლა დეოკუპაციისა და სამართლიანობისთვის გრძელდება მშვიდობიან, სამართლიანი მეთოდებით. დარწმუნებული ვართ, ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლაში ძალიან წარმატებულები. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი გადაწყვეტილება და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“- განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.