რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში მდებარე სვიატოჰირსკის ლავრას ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში მდებარე სვიატოჰირსკის ლავრას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში ცეცხლმოკიდებული ხის მონასტრის ფოტოები ვრცელდება.
„მორიგი დანაშაული რუსი ბარბაროსებისგან, რომელთათვის წმინდა არაფერია“, – წერს „ფეისბუქში“ უკრაინის არმიის ოფიცერი იური კოჩევენკო.
მონასტერი ქალაქ სლოვიანსკის მახლობლად, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის პირას მდებარეობს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რუსეთის ძალებმა აღნიშნული მდინარის გადაკვეთა არაერთხელ სცადეს უკრაინული დანაყოფების ალყაში მოსაქცევად.
არსებული ინფორმაციით, მონასტერი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.
ამასთან, სვიატოჰირსკის ლავრისთვის ცეცხლის გაჩენაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელ „ნაციონალისტურ“ დანაყოფებს ადანაშაულებს. როგორც თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქ სვიატოჰირსკიდან უკრაინული ძალების უკან დახევის დროს, უკრაინელმა ნაციონალისტებმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდა ლავრის ხის მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს.