რუსეთის დუმაში დაასახელეს ქვეყნები, რომლებიც „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებით გამოირჩევიან“, მათ შორის არის საქართველოც
რუსეთის დუმაში დაასახელეს ქვეყნები, რომლებიც რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობით გამოირჩევიან და მათ შორის არის საქართველო.
რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტების თაობაზე სახელმწიფო დუმის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი აცხადებს, რომ რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებრი ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება პასუხი მათი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე.
დეპუტატის თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი რუსული მედიის მიმართ ყველაზე აგრესიულად იქცევიან. მისი განმარტებით, მათ შორის ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი გახდნენ ლიდერები რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობის მიხედვით. „რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებრი ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე“, – აღნიშნა პისკარევმა.
მისივე თქმით, „დასავლეთი რამდენიმე წელია, მასობრივ კამპანიას აწარმოებს რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნაზე“.
„საუბარია, როგორც ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციას უარის თქმაზე, საბანკო სერვისებზე დაბრკოლებების შექმნაზე და მაუწყებლობის შეწყვეტაზე, ასევე საზღვარზე დაკავებებზე, ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე მათი პროფესიული საქმიანობისა და რუსული მედიის კუთვნილების გამო“, – დაამატა პისკარევმა.