რუსული დეზინფორმაცია ფეხბურთსაც გადაწვდა
რუსული დეზინფორმაცია ფეხბურთსაც გადაწვდა

რუსული მედიის ბოლოდროინდელი ანტიქართული განწყობა სპორტულ მედიასაც გადაედო. ამის მაგალითია რუსულ ინტერნეტგამოცემა „ჩემპიონატის“ მიერ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გამოქვეყნებული წერილი, სადაც „უეფა“-ს (UEFA) რეიტინგში საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით ფაქტები დამახინჯებულია.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ წასვლა და ყაზანის „რუბინში“ თამაში ამჯობინა. რუსულმა ინტერნეტგამოცემამ, ამ ნაბიჯის გამო, ქართველ ფეხბურთელს ყოფილი კლუბის მიმართ დამოკიდებულება დაუწუნა.

„მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ჩამოიყვანა ფეხბურთელი, რომელსაც არავინ იცნობდა. 18 წლის კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატში გამოდიოდა – „უეფა“-ს რეიტინგში 49-ე ადგილზე მყოფ ჩემპიონატში, რომელსაც კოსოვო და გიბრალტარიც კი უსწრებენ. როდესაც ასეთი მოთამაშეები მიდიან, გამოდის, რომ კლუბის სელექციონერები ტყუილად მუშაობდნენ“, – წერს გამოცემა.

რეალურად, „უეფა“-ს რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილს იკავებს და გიბრალტარსა (51-ე ადგილი) და კოსოვოს (53-ე ადგილი) ნამდვილად უსწრებს.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ კვარაცხელია სულაც არ იყო უცნობი მოთამაშე, მისით ევროპული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. 10 აპრილს რუსულ გამოცემა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივში“ ზამთარში გადასულ 18 წლის თავდამსხმელს სხვა გუნდში თამაში შეეძლო.

„მოსკოვის ლოკომოტივი არ იყო ერთადერთი ვარიანტი. დაინტერესებული იყვნენ ლევერკუზენის „ბაიერი“, „დორტმუნდი“ და სხვები, მაგრამ ჩემი მეგობარი, ქართველი აგენტი მამუკა ჯუღელი გველაპარაკა და დაგვარწმუნა, რომ სწორედ „ლოკომოტივში“ გადასვლა გვიღირდა“, – აცხადებდა ბადრი კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი 28-ე ტურში გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფორმით თავი მეექვსე შეხვედრაში გამოიჩინა და თავის ახლანდელ კლუბს, ყაზანის „რუბინს“ გაუტანა. მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ 18 წლის ქართველი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლის გატანა მოახერხა.