რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის ნაწილი აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე ხანძარი სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შემდეგ ცეცხლი სარკინიგზო შემადგენლობაზე მიმაგრებულ საწვავის ავზებს გაუჩნდა.
როგორც ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა გემების მიმოსვლისთვის განკუთვნილი ხაზი არ დაზიანებულა.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად ჩაკეტილია.
რუსეთში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გასცა ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის განკარგულება.