რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - ოთხმხრივი შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯან-საქართველოსა და ევროპას შორის, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - ოთხმხრივი შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯან-საქართველოსა და ევროპას შორის, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა, ერთი მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რადგან ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვენებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა.

მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით, რათა გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში.

ნიკოლაე ჩუკას თქმით, შეთანხმება ენერგოუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის საშუალებას გააჩენს.

„მინდა, ხმა შევუერთო ამ ძალისხმევას, საერთაშორისო მომენტს და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სამთავრობოთაშორის შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება იქნება იმ გადაუდებელი საჭიროების პასუხი, რომელიც გულისხმობს მწვანე ენერგიის მიღებას ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ქალბატონო ურსულა, თქვენი აქ ყოფნა იმის დასტურია, რომ ამ შეთანხმებას სტრატეგიულო მნიშვნელობა გააჩნია ევროკავშირის დაკავშირებადობის კონტექსტში. კრიზისის დროს ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენი პოტენციალი და რესურსები გავაერთიანოთ. რუმინეთი ერთგულია კაპიტალდაბანდების იდეისადმი, როგორც ენერგოინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე ჩვენი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორობის, რუმინეთის და მთელი რეგიონის კონტექსტში. ამის შედეგად რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს ევროკავშირში, ასევე მოლდოვასა და უკრაინასაც. შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში ჩვენი საერთო გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით, რათა გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, კოვიდპანდემიითა და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული.

ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე. ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით. ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებული ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოებისა და მიწოდების კუთხით. მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა, ერთი მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროპას შორის. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რადგან ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვენებთ ჩვენს მნიშვნელობას. ასევე, 2015 წლის „პარიზის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებთ, მწვანე პაქტის შეთანხმების კონტექსტში. რუმინეთი აპირებს, რომ სამთავრობოთაშორისი შეთანხმება გადაიტანოს ქმედებაში. აქვე ვუხდი მადლობას პარტნიორებს მათი ძალისხმევისთვის, თანამშრომლობისა და ამ ოთხმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მე მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს 2023 წლის დასაწყისში. ეს იქნება კიდევ ერთი ძალისხმევა ელექტროენერგიის და, ზოგადად, ენერგოუსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლაე ჩუკამ.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.