არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ევროპისა და ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი საიმედო მოკავშირეა
არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ევროპისა და ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი საიმედო მოკავშირეა

ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ევროპისა და ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საიმედო მოკავშირეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის თაობაზე ისტორიულია.

„ეს პროექტი აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს და ძლიერ იმპულსს აძლევს ეკონომიკას, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ინვესტიციებზეც. ამის პარალელურად, პრემიერ-მინისტრის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ახალი ენერგეტიკული პროექტების გაშვება ქვეყანაში და ანაკლიის პორტის მშენებლობის რესტარტი – ხელახლა ინიცირება.

ევროკავშირთან ენერგიის მიწოდების პროექტის ხელმოწერამ, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა, პასუხი გასცა ჩვენი ოპონენტების დაუფარავ აგრესიას და უსაფუძვლო კრიტიკას. მეტიც, შეიძლება უკვე ითქვას, ოპონენტების ეს პოლიტიკური თავდასხმები საქართველოზე და ჩვენს ხელისუფლებაზე, მიმართული იყო სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, გამოცანად არავისთვის რჩება, ვის ინტერესებში შედიოდა საქართველოს რეპუტაციის დაზიანება და ანტიევროპულად წარმოჩინება. ოპოზიციას მოუწევს თავი იმართლოს ამის გამო.

საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახისა და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს დღეს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.