რუბენ სადოიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება
რუბენ სადოიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოში სომხეთის ელჩი ერევანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც რუბენ სადოიანმა განაცხადა, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.

„სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. რევოლუციაზე საუბარი ნაადრევია. სომხეთის პრემიერმა დატოვა თანამდებობა და წავიდა კომპრომისზე. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა საქართველიში სომხეთის ელჩმა.

სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო.

ერევანში პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობდა.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).