საქართველოში სომხეთის ელჩი - ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა არავინ არის, ვისაც უნდა ველაპარაკოთ, სალაპარაკო არაფერია
საქართველოში სომხეთის ელჩი - ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა არავინ არის, ვისაც უნდა ველაპარაკოთ, სალაპარაკო არაფერია

ყოველთვის მზად ვართ და ვიყავით მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა არავინ არის, ვისაც უნდა ველაპარაკოთ და სალაპარაკო არაფერია, – ამის შესახებ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა, რუბენ სადოიანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სადოიანი აღნიშნავს, საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობენ.

ელჩის თქმით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის წინააღმდეგ ომი თურქეთთან ერთად დაიწყო.

„გუშინ, გამთენიისას აზერბაიჯანი თავს დაესხა მთიან ყარაბაღს. მართალია, დღეს სხვადასხვა წყაროში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მთიანი ყარაბაღი თავს დაესხა აზერბაიჯანს. თუმცა ეს ჭკვიანი ადამიანების გაოგნებას იწვევს, თუ როგორ შეუძლია 150 ათასიანი მოსახლეობის მქონე მთიან ყარაბაღს თავს დაესხას ათმილიონიან აზერბაიჯანს. საბრძოლო მოქმედებებში ახლა მონაწილეობენ დაქირავებული მებრძოლები. ჩვენი წყაროების ცნობით, ისინი სირიიდან ჩაიყვანეს. აქტიურად ჩართულია თურქული მხარეც. თურქული არხი TRT საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე მათ პირდაპირ ტრანსლირებას ახორციელებს.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ვიყავით მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა არავინ არის, ვისაც უნდა ველაპარაკოთ და სალაპარაკო არაფერია. აზერბაიჯანს მხოლოდ ერთი რიტორიკა აქვს – ომის. აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად დაიწყო ომი ყარაბაღის წინააღმდეგ”,- განაცხადა სადოიანმა.

ელჩის თქმით, სომხეთი ელოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიმდინარე მოვლენებს ღირსეულ, შესაბამის შეფასებას მისცემს. დიპლომატის განცხადებით, ვითარების დესტაბილიზაცია მთელი რეგიონისთვის საფრთხის შემცველია.

„ამ რეგიონში მებრძოლების ჩამოყვანა და ვითარების დესტაბილიზაცია სერიოზული საფრთხის შემცველია. სამწუხაროდ, საომარი რიტორიკა ისმის საქართველოში აზერბაიჯანელი პარლამენტარებისგანაც. მე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ვგულისხმობ, რომლებიც ომისკენ მოუწოდებენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ სტაბილური ვითარებით და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ საქართველოში ყოველთვის იყოს სტაბილური სიტუაცია. თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარი რიტორიკა ამას ხელს არ უწყობს“,- განაცხადა საქართველოში სომხეთის ელჩმა.