რომან კაკულია - შრომის უსაფრთხოების კანონს გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა სჭირდება
შრომის უსაფრთხოების კანონს გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა სჭირდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რომან კაკულიამ დიღმის მასივში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენს ქვეყანაში ზოგადად აღსრულება არის პრობლემა და გაცილებით უფრო მკაცრი ზედამხედველობა სჭირდება კანონს. აღსრულებას ამ წანილშიც გვაქვს ჩვენ მცირე ცოდვები, რომელსაც გამოსწორება ნამდვილად უნდა. მინდა გითხრათ, რომ გამკაცრებისკენ მიმართული კანონმდებლობა პრინციპში არის მომზადებული, ამაზე ბევრჯერ იყო მსჯელობა, მას უბრალოდ ძალიან მალე დასრულება სჭირდება“,- განაცხადა რომან კაკულიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების კანონი აღსრულების გარეშეა დარჩენილი.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება ასეთი მძიმე და უბედური შემთხვევები, „ქართული ოცნება“ იწყებს ლაპარაკს, როგორ დახვეწონ კანონმდებლობა. კანონი აღსრულების გარეშე არის დარჩენილი ფურცელზე. მუდმივად მხოლოდ კანონის დახვეწით, ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ სამწუხაროდ მომავალ უბედურ შემთხვევებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თბილისში, დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.