რომან კაკულია - ამ ვითარებაში როგორ შეიძლება, მთავრობას დადებითად არ შევუფასო თავშეკავებული პოლიტიკა
რომან კაკულია - ამ ვითარებაში როგორ შეიძლება, მთავრობას დადებითად არ შევუფასო თავშეკავებული პოლიტიკა

ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება მთავრობას დადებითად არ შევუფასო თავშეკავებული პოლიტიკა. ვფიქრობ, არის რაღაცები, რასაც ისინი ვერ ამბობენ და რაც მათ ასეთი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, რომან კაკულიამ გადაცემა „კიდობანში“ განაცხადა.

„როგორ ფიქრობთ, მოსკოვი თეთრ დროშას გადმოჰკიდებს კრემლზე და ასე დამთავრდება ეს ამბავი? თუ პუტინის ფსიქოტიპს ვუყურებთ, მივხვდებით, რომ ასე არ დამთავრდება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ ვფიქრობ, მართალია საქართველოს მთავრობაც, როდესაც მაქსიმალურად იკავებს თავს იმისგან, რომ მკაცრი ნაბიჯები გადადგას. რომელი ხელისუფლებაც ავირჩიეთ ჩვენ, მეტი გამოსავალი არ გვაქვს და უნდა მივყვეთ მას. თუ გამოჩნდება, რომ არასწორი გზით მიდიან, ამას თავისთავად სხვანაირი რეაქცია მოჰყვება. თუმცა, მე ვიყავი იქ და ვიცი, რომ ეს ადამიანები არ არიან პრორუსები. შეიძლება, ცოტა სხვანაირი მიდგომები აქვთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, უნდათ მაქსიმალურად მშვიდობიანად გადაატარონ ეს ამბავი“, – აღნიშნა კაკულიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „რუსეთთან ვიღაცების გადმოცემით რატომ უნდა ვლაპარაკობდეთ“.

„მინდა, საყვედურიც ვუთხრა ხელისუფლებას, რადგან როცა იქ ვიყავი, ვერასდროს ვერ მივედი იქამდე, როცა შეიძლებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო: რუსეთთან ვიღაცების გადმოცემით რატომ უნდა ვლაპარაკობდეთ. ხომ შეიძლება, ხელისუფლებისგან ვიცოდე და არ ვუსმენდე ვიღაცების ვარაუდებს, როგორია რუსეთის პოზიცია. ვიცი მე, რატომაც გახდა ეს შეუძლებელი, რის გამოც არ ეძლეოდათ ამის უფლება. ეს ძალიან ცუდი იყო, ახლა ძალიან გვიანია. ხომ ჯობდა, ამ დროის განმავლობაში რაიმე სახის კომუნიკაცია აღგვედგინა აგრესორთან, რომელმაც დაიპყრო შენი ქვეყანა. მოთმინების პოლიტიკას იმიტომ ვამართლებ, რომ გითხარით – სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში, ასე ცალსახად, ჯერაც გაურკვეველია, ვის რა მოტივაცია აქვს. ამიტომ ჯობია, დავაკვირდეთ და გადავრჩეთ. ვიდრე ხელისუფლება უშუალოდ არ გაარკვევს და ეს დიალოგი არ შედგება, მანამდე რატომ ვიტეხავთ კისერს?! დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებაშიც რა შინაარსი იქნება ჩადებული, ჩვენი რეალური შესაძლებლობები რა იქნება. ამას ყველაფერს შევხედოთ პრაგმატულად. ორპროცენტიანი პარტიის აზრზე რატომ უნდა იაროს ქვეყანამ, ეგეც ვერ გამიგია. გავიგეთ, რომ ბევრი ტელევიზია და ზემოქმდების მექანიზმები აქვს. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, მეტი მხარდაჭერით ყოფილიყო ეს ხელისუფლება ამ კონკრეტულ სიტუაციაში“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ამასთან, რომან კაკულიამ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელევიზიების შესახებაც ისაუბრა.

„ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია რატომ არის, ჩვეულებრივი პარტიაა, თავისი დაფინანსებით, ინფრასტრუქტურით. ფაქტობრივად არის ხუთი ხელისუფლება. არასამთავრობოებს დამსახურებულად ეკუთვნით ეს ადგილი, ზეგავლენის იმხელა მექანიზმები აქვთ. ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკა ახალი სახელწოდებით და დავარქვათ საქართველოს სატელევიზიო რესპუბლიკა. ზეგავლენების მიხედვით თუ შევხედავთ, საზოგადოების აზრის ფორმირებაში ტელევიზიის წამყვანები საკმაოდ დიდ ინსტრუმენტს ფლობენ ადამიანებზე ზემოქმედების მხრივ, მსგავსი ზეგავლენის ბერკეტი პარლამენტის თავმჯდომარეს ან სხვა ასეთს თუ აქვს“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.