რომან კაკულია მიიჩნევს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება დადგება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება დადგება და რეგულაციები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს. ამის შესახებ რომან კაკულიამ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისვლის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„რეგულაციების გადახედვის საჭიროებას ვხედავ გარკვეული პერიოდის შემდეგ. გრადაცია შესაძლოა, უმნიშვნელოდ გაკეთდეს. მით უმეტეს, რომ გარკვეული ცნობიერების ამაღლების ნაწილში ამან უკვე იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია რომ მოვხსნათ, იმავე შედეგს ნამდვილად არ მივიღებთ. ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული შემსუბუქება, დარწმუნებული ვარ, მოხდება“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
კითხვაზე, როგორ უნდა შემსუბუქდეს რეგულაციები, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ შეიძლება, დაკონკრეტდეს ინტერესთა ჯგუფები, რომლებთან მიმართებითაც რეგულაციები იარსებებს.
„ზედა ზღვარიც შესაძლებელია იყოს. ამ თემაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში აღურიცხავი შემოსავლების დონის შემცირებაა, რადგან ეს რეგულაციები უარყოფითად იმიტომაც მოქმედებდა, რომ თუ ადამიანს აღურიცხავი შემოსავალი აქვს და სინამდვილეში ჰქონდა შემოსავალი, რომლითაც კრედიტს გაართმევდა, მაგრამ რეგულაციის გამო ვერ იღებს, ეს გარკვეული ტიპის უსამართლობაა. რაც უფრო მეტად გაიზრდება აღურიცხავი ტიპის შემოსავლის აღრიცხვიანობა, აქაც სხვა სიცხადე შემოვა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით 31 მაისს მოუსმენენ. საბანკო რეგულაციების თემაზე პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.