რომან გოცირიძე - ორი კვირით დანიშნულ ადამიანებს რა კითხვა უნდა დავუსვათ, ეს ხომ დაცინვაა
რომან გოცირიძე - ორი კვირით დანიშნულ ადამიანებს რა კითხვა უნდა დავუსვათ, ეს ხომ დაცინვაა

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  რომან გოცირიძე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის ახალ კანდიდატებთან შეკითხვების დასმას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, მათი დანიშვნა მხოლოდ დროებით, რამდენიმე კვირით იგეგმება.

გოცირიძის შეფასებით, დღევანდელი ვითარება არის დაცინვა.

„ძალიან არასერიოზულია, რომ დღეს მათ დავუსვათ შეკითხვები, ისინი არიან ფაქტობრივად ცრუმონაცვლეები, რუსულად подставной-ს ამბობენ. ორი კვირით დანიშნულ ადამიანებს რა კითხვა უნდა დავუსვათ, ეს ხომ დაცინვაა”, – აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციონერის განცხადებით, უფრო სასაცილო იქნება, თუ მმართველი გუნდი მამუკა ბახტაძის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ამ შემთხვევაში, მისი განცხადებით, „საქართველოს დროებითი მთავრობა შერჩება“.

„უკმაყოფილება ისმის ზოგიერთი სამინისტროს გაუქმების გამო. რომ ვერ გავიდეს სტრუქტურული ცვლილებები, მაშინ რა ხდება? შემოგვაჩეჩებენ ამ ფიქტიურ მთავრობას? თუ მართლა ჰგონიათ, რომ ეს დეპუტატები ყველაფერზე აუწევენ ხელს, რაც მოდის ზემოდან, არაფორმალური მმართველიდან“, – აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გუნდში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძეა, რამდენიმე პოზიციაზე კი, წარდგენილია ახალი კანდიდატები – ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ჩერქეზიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის – დავით ზალკალიანი. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა იგეგმება.

მთავრობის წევრობის კანდიდატებს  პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში უსმენენ. ხვალ კი, ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.