რომან გოცირიძე - დეოლიგარქიზაციის კანონს თავიდან მივესალმე, მიმაჩნდა, რომ კარგი იყო, მაგრამ ახლა, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გამინათდა გონება
რომან გოცირიძე - დეოლიგარქიზაციის კანონს თავიდან მივესალმე, მიმაჩნდა, რომ კარგი იყო, მაგრამ ახლა, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გამინათდა გონება

დეოლიგარქიზაციის კანონს თავიდან მივესალმე, მიმაჩნდა, რომ ეს კარგი კანონი იყო, მით უმეტეს, უკრაინაში და მოლდოვაში მიიღეს, მაგრამ ახლა, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, აბსოლუტურად გამინათდა გონება, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღებას აზრი არ აქვსო. იმიტომ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ეს კანონი შეიძლება, გამოყენებული იყოს პირიქით, ოლიგარქიული მმართველობის განსამტკიცებლად და ოპონენტების, ასე ვთქვათ, ჩასაძირად“, – განაცხადა გოცირიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეხება თუ არა იგივე ლოგიკა უკრაინას და მოლდოვასაც, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიამ სწორედ ეს თქვა, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული უკრაინის და მოლდოვის კონტექსტი, მოლდოვასა და უკრაინაში კი დღეს ოლიგარქები არ არიან.

მისი თქმით, მიჩნეულია, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონი ოლიგარქიზმის აღმოსაფხვრელად მუშაობს, საქართველოში კი ეს კანონი რეპრესიებისთვის იმუშავებს.

„ამბობენ, შევიყვანოთ ოლიგარქების სიაში რომელიღაც ბიზნესმენიო და ავიღოთ თუნდაც პარლამენტი; მაგალითად, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემთან ერთად იყო და ახლაც არის ბიზნესმენი ოქრიაშვილი. კრიტერიუმებით, აქტივებით, ანუ სიმდიდრის მიხედვით ეკუთვნის; მეორე, პოლიტიკურად აქტიურია? ეკუთვნის, რადგან პარტიის ლიდერია, მაგრამ მედიას არ ფლობს, ისევე, როგორც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ქონებრივად და პოლიტიკურად ეკუთვნის, მაგრამ მედიასაშუალებას არ ფლობენ. მერე დაიწყება უკვე კანონის ხუთმაგად წაკითხვა. აჰა, შენ რეკლამა მიეცი რომელიღაც არხს? შენ მედიაზე გავლენას ახდენ? ადგებიან და ოლიგარქის რეესტრში მოხვდებიან ოპოზიციური აქტიური პირები, რომლებიც იმ ქონებრივ ცენზს აკმაყოფილებენ და ივანიშვილი არასდროს არ მოხვდებაო, ასე ამბობენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ ოლიგარქის რეესტრს აღმასრულებელი ხელისუფლება აწარმოებს და ამ შემთხვევაში სიაში ადამიანები პოლიტიკური გადაწყვეტილებით მოხვდებიან და არა რეალურად, კანონის შესაბამისად.

„პარლამენტმა მიიღო, მაგრამ მე მესმის პარლამენტის. პარლამენტმა თქვა, კოლიზიაა, ვენეციის კომისია ამბობს, არ მიიღოთ, მაგრამ ევროკავშირი გვეუბნება, მიიღეთ, ვინაიდან ეს არის 12 პუნქტის შესრულების ერთ-ერთი პირობაო“, – აღნიშნა გოცირიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართა თუ არა ევროკომისიისთვის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ ეს საკითხი ამ ფორმით გადაუწყვეტელი საკითხია და არ შეიძლება, ის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ სავალდებულო საკითხად ჩასმულიყო, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ამ ფორმით კანონს მხარს არ უჭერს და ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მიმართავს.

„ეს არის ამის შინაარსი. კი, შეიძლებოდა მიმართვა, მაგრამ გაჯიუტდა ხელისუფლება. დაინახა რა საკუთარი სიკეთეები ამ კანონში, ხელისუფლება ამბობს, არა, გვინდა ეს კანონიო. ამაშია მთელი უბედურება. კანონი, რომელიც თავიდან მათ არ უნდოდათ, მერე მათთვის საყვარელი გახდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.