პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი რომან გოცირიძის გამოსვლა გახდა.

გოცირიძის თქმით, შს მინისტრმა თქვა, რომ კერძო სექტორმა კატარიდან 22 მილიონის საფრენი აპარატი იყიდა. „რა არის, არ ვიცით. შეიძლება, არის დრონები, ვერტმფრენები და ა.შ. 22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატების შემოსვლა აქამდე არ ყოფილა და დააკვირდით, ეს ხომ არ გადადის ყირგიზეთ-ყაზახეთში? ეს საფრენი აპარატები საქართველოში დარჩება თუ ვისია ეს 22 მილიონი? ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის გზა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ეს განცხადება უმრავლესობამ გააპროტესტა და რომან გოცირიძეს მიმართეს: „დავალება გაქვს და ასრულებ?!“ „აგენტი ხარ მართლა“, „საკუთარ ქვეყანას რას აბრალებს“, „მართლა ჭორიკანა ხარ“.

რომან გოცირიძის ამ განცხადებას შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. პაპუაშვილმა აღნიშნა: „მივედით იქამდე, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დეზინფორმაციას ავრცელებს, სხდომათა დარბაზში ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატს არ დავუშვებთ“.