შალვა პაპუაშვილი - მივედით იქამდე, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დეზინფორმაციას ავრცელებს, სხდომათა დარბაზში ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატს არ დავუშვებთ
შალვა პაპუაშვილი - მივედით იქამდე, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დეზინფორმაციას ავრცელებს, სხდომათა დარბაზში ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატს არ დავუშვებთ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე. ეს დეზინფორმაცია არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, განზრახული და კოორდინირებული კამპანია, რომელსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალები აწარმოებენ, მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის დაზიანება და რეპუტაციის შელახვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი, ეს არის დაუშვებელი.

„როდესაც ამას აკეთებენ უცხოელები, გასაგებია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ვხედავთ, რომ დღესაც იყო განცხადებები „ევრონესტში“ უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლის, რომელმაც საქართველოს სამარცხვინო დააბრალა რაღაცები. სამწუხაროდ, ასეთი უმადურობებიც ხდება. ამას შეგუებული ვართ. ასევე, გვესმის „ენჯეოებისგან“, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, თითქოს საქართველოდან ხდება სანქციების გვერდს ავლა. შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“, რომელიც თავის იდენტობაში ვერ ჩამოყალიბდა, ხან პარტიაა და ხან არასამთავრობო ორგანიზაცია. არცერთ არასამთავრობოს, რომელიც იღებს მილიონებს უცხოეთიდან, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, არცერთს არ უმხელია ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა დაკავებულია თავისი პოლიტიკური მიზნებით. არცერთი ცენტი არ დაუხარჯავთ, რომ ეს სამარცხვინო კამპანია ემხილებინათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს.

„მივედით იქამდე, რომ პარლამენტში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის დახმარებით. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როდესაც თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონი, ეს ყოველნაირ ზღვარს სცდება. ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ ხართ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული, საქართველოსი თუ სხვა ქვეყნის. როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პირდაპირი ღალატი ქვეყნის ინტერესებისა, ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით კომენტარი გააკეთა რომან გოცირიძის შს მინისტრისადმი კითხვაზე. კერძოდ, გოცირიძემ აღნიშნა: „შს მინისტრმა თქვა, რომ კერძო სექტორმა კატარიდან 22 მილიონის საფრენი აპარატები იყიდა. რა არის, არ ვიცით, შეიძლება არის დრონები, ვერტმფრენები და ა.შ. 22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატების შემოსვლა აქამდე არ ყოფილა, დააკვირდით, ეს ხომ არ გადადის ყირგიზეთ-ყაზახეთში? ეს საფრენი აპარატები საქართველოში დარჩება თუ ვისია ეს 22 მილიონი? ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის გზა“.