როლანდ ჰორნი - საქართველომ კარგად იმუშავა, როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით
ვფიქრობ, 2023 წელს საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს, – ამის შესახებ შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორმა, როლანდ ჰორნმა განაცხადა.
„საშეჯიბრო ტრასას რაც შეეხება, ძალიან კარგად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დაგეგმილ განრიგზე წინ ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სამუშაო პროცესში და ყველამ იცის თავისი საქმე, შესაბამისად მათთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. 2020 წელს პირველად ვიყავი ევროპის თასზე გუდაურში, მას შემდეგ საქართველომ დიდი გამოცდილება მიიღო. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და ემ თი ეიმ (MTA) კარგად იმუშავეს, როგორც საორგანიზაციო ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ვფიქრობ, რომ 2023 წელს საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა როლანდ ჰორნმა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ბაკურიანში, 19-20 თებერვალს ევროპის თასის ეტაპები, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. ევროპის თასის ეტაპები მოიცავს პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები სლოუფსთაილის. წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი სლოუფსთაილის სახეობას პირველად უმასპინძლებს. ჯამში კურორტს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ), 200-მდე სპორტსმენი ეწვევა.
აღნიშნული შეჯიბრებები ჩვენი ქვეყნისთვის სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკაოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აშენდა საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.
ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.
შეჯიბრებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეისა” და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტია“.